,,რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ რუსულ საქმეს აკეთებს”- არჩილ თალაკვაძე

,,რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ რუსულ საქმეს აკეთებს,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადებები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ესენი არიან პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, რომლებიც ევროპაში ჩადიან და ამბობენ, რომ სტატუსს ნუ მისცემთ საქართველოსო, ხოლო საქართველოში როცა ჩამოდიან ამბობენ, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსსო. ჯამში, ერთიც და მეორეც საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებია. ალბათ რთული გამოსაცნობი არ არის, რის საფუძველზე აკეთებენ ასეთ განცხადებებს. რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს. რუსული საქმეა, როცა საერთაშორისო მედიით გამოდიხარ, მთელ მსოფლიოს უმტკიცებ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რუსული საქმეა, როცა არღვევ ადამიანის უფლებებს. რუსული საქმეა, როცა ამომრჩეველი აგირჩევს და არ შედიხარ პარლამენტში. რუსული საქმეა, როდესაც ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში არ მონაწილეობ. ამის საპირისპიროდ ჩვენი ნაბიჯებია ის, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ევროპასთან, ასოცირების შეთანხმება და ევროპული პერსპექტივა, ხოლო საქართველოს ისეთი დიდი სისტემები, როგორიც არის იუსტიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ევროჯასტისა და ევროპოლის სრულუფლებიანი წევრები, სრულფასოვანი პარტნიორები გახდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები