,,ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას”- შალვა პაპუაშვილი

„თანამედროვეობის ყველაზე რთული და უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, მოხარული ვარ, მოგმართოთ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე უკრაინის  მეგობრებსა და პარტნიორებს. ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა,  გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი  სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა სამიტის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით,  ქართველმა ხალხმა რუსული ოკუპაციის სისასტიკე მრავალი წლის წინ, ჯერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შემდგომ კი 2008 წელს გამოსცადა. 

„24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან; ხოცვა-ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია,  5 საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია  და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.

მსგავსი თემები