,,პრეზიდენტის და მმართველი ძალის გზები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით რამდენიმე თვეა აცდენილია ერთმანეთს”- ხატია დეკანოიძე

,,ზოგადად, დიქტატურის გამოვლინებად მიმაჩნია, როცა საქართველოს პრეზიდენტსაც კი არ აგდებს მმართველი პარტია არაფრად,”- ასე აფასებს ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის თაობაზე სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ ყოფილა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის და მმართველი  ძალის გზები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით რამდენიმე თვეა აცდენილია ერთმანეთს.

,,ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ საქართველოს პრეზიდენტის და მმართველი პოლიტიკური ძალის გზები საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით რამდენიმე თვეა აცდენილია ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით დაფიქსირდა უკრაინასთან დაკავშირებით, როცა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოსგან. ეს ზოგადად, დიქტატურის გამოვლინებად მიმაჩნია, როცა საქართველოს პრეზიდენტსაც კი არ აგდებს მმართველი პარტია არაფრად და ასეთი მნიშვნელოვანი განხილვის ეტაპზე, მათ შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ეტაპზე გამორიცხულია საქართველოს პრეზიდენტი. არ დაგვავიწყდეს, რომ 2020 წლის კამპანია იყო “გარეჯი საქართველოას” პროპაგანდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ რუსული “ეფესბეს” შეთითხნილი რუკები გამოიყენა “ქართულმა ოცნებამ” ამ კამპანიისთვის წინა საპარლამენტო არჩევნებისთვის. როცა პრეზიდენტ ალიევთან არც კი განხილულა ეს საკითხი, ეს ნიშნავს იმას, რომ გარეჯი მათ არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები