,,დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ პროგრესს”- გიორგი ვაშაძე

,,ყველაზე კატასტროფულად შეფასებული არის დასავლეთზე თავდასხმები,  ომში დადანაშაულება, რომ თითქოს ომის დაწყება უნდა ვიღაცას საქართველოში, ეს არის ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ნეგატიურად სდევს საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებას,” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება, რადგან , ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვერ ხედავენ პროგრესს.

,,2022 წლის ივნისში საქართველოს ჰქონდა ყველა შანსი, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მიგვეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ ამ შანსის რეალიზება არ მოხდა იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ არ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები და უფრო მეტიც, გადადგა ნაბიჯები, რომლებმაც გამოიწვია უარყოფითი შედეგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დარჩენილი შანსი იმის, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა გზა, რომელსაც ქართული ოცნება ადგას, არ მიგვიყვანს ევროკავშირამდე, იმიტომ, რომ არ ჩანს მათი მხრიდან პოლიტიკური ნება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების და იმ რეფორმების, რომლებიც მოცემულია 12 პუნქტში. ესაა- საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა, მედიასთან დაკავშირებული რეფორმა და აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე დასმული იყო საკითხი ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და იცით, რომ ევროპარლამენტმა ამას რეზოლუციაც მიუძღვნა ცალკე.

დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც რეგისტრირებულია პარლამენტში ქართული ოცნების მხრიდან, ნეგატიური შეფასების საფუძველია ევროკავშირის მხრიდან,  იმიტომ, რომ არ შეესაბამება  იმ 12 პუნქტიან მისწრაფებებს, რომელიც არის მოცემული, შესაბამისად, ჩვენ შანსი დარჩენილი გვაქვს, მაგრამ, დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ პროგრესს ამ რეფორმების მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მოვძებნოთ, ყველა პროდასავლელმა ძალამ ერთიანობის ის მნიშვნელოვანი ფუნდამეტი, რომელზეც ავაგებთ ჩვენს სამოქმედო გეგმას მომავალში იმისთვის, რომ საქართველომ ისტორიული შანსი გამოიყენოს”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები