,,მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას და თქვენი ვალია მაპოვნინოთ”- ნიკა გვარამია

,,მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას და თქვენი ვალია მაპოვნინოთ სამართლიანობა და სამართალი,” – ამის შესახებ  „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც  მისი საქმის დასკვნითი პროცესი გაიმართა.

გვარამიას თქმით, მას ზუსტად იგივე რეაქცია ექნებოდა სხვა დროს რომ მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება და  ზუსტად იგივე რეაქცია ექნებოდა ჯარიმა რომ ყოფილიყო პატიმრობის ნაცვლად.

„რა შემიძლია გითხრათ თქვენ პერსონალურად? – თქვენი გადასაწყვეტია, თქვენი პროფესიული სინდისი რას გიკარნახებთ. სინდისს ვერ დააძალებთ, ისევე, როგორც ბოდიშის მოხდას ვერ დააძალებთ ადამიანს იმიტომ, რომ ეს მისი პერსონალური დამოკიდებულებაა. ისე ვერ მიაწვები ადამიანს სინდისზე, რადგან ზოგჯერ აქვს, ზოგჯერ არ აქვს, ზოგჯერ ღრმად დამალული აქვს. მე ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ხელნაწერები არ იწვის. ეს ისტორიის ნაწილი ხდება ყველა საქმეზე, ჩემი საქმეც არ იქნება გამონაკლისი. მეტიც, შეიძლება ჩემი საქმე უფრო მნიშვნელოვანიც იყოს განსახილველად. მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვეძებ სამართლიანობას. შესაბამისად, მე ვეძებ გამამართლებელ განაჩენს და მე მას ვიპოვი აქ თუ არა – სხვაგან. იმაზე ლაპარაკიც რომ იყო ჯარიმა მაინც მიესაჯათ, ან რა დრო იყო ეს გადაწყვეტილების გამოსატანადო, მეგობრებო, ეს შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობების განხილვა იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს საკითხი ამ სიბრტყეში არ არის. ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა სხვა დროს რომ მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება, ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა ჯარიმა რომ ყოფილიყო პატიმრობის ნაცვლად და ახლაც იგივე რეაქცია მექნება. ჩემი პატიმრობის ჯარიმით შეცვლა ჩემ ბრძოლაში არაფერს არ შეცვლის, საერთოდ. გარეთ ვიქნები და ეს კიდევ უფრო გამაძლიერებს იმისთვის საბრძოლველად, რასაც ჰქვია სამართლიანობა. მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას და თქვენი ვალია მაპოვნინოთ სამართლიანობა და სამართალი. ვმოძრაობთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები