,,მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე ვიბრძვი სხვისი თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის”- ნიკა გვარამია

,,მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვის თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის,”- ამის შესახებ  „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც  მისი საქმის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

გვარამიას თქმით, იბრძვის  ისე, როგორც შეუძლია, ”როგორც შეიძლება ადამიანი იბრძოდეს 4 კედელს შორის, უსამართლოდ დატყვევებული.”

,,მთავარი ჩემთვის არის ის, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი. ცხადია, რომ არის. მე ვისმენ ხოლმე ტელევიზიითაც, ჩემთან შემოსული ადამიანების საუბრებიდანაც, ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოდიან ხოლმე ჩემს სანახავად როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის და მეუბნებიან, რომ როგორ კარგად უძლებ და როგორ ზიხარ.

არ მეგონა თუ ცხოვრებაში ამას მოვისმენდი თან ჩემზე. მე ის მიკვირს, რომ ასე ფიქრობენ, როგორ უნდა იყოს სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია. მე არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს, სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს, იმის გაცნობიერება, რომ ეს მე არ მეკუთვნის. ის, რომ მე ამას ვუძლებ, ეს ჩემი არჩევანია. მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვის თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ის, რომ მე ასე ვუძლებ, ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა.

სამწუხაროდ, ამ თვეებში მე ბრძოლის სხვა შესაძლებლობები ნაკლებად მაქვს, ამიტომ ვიბრძვი ისე, როგორც შემიძლია, როგორც შეიძლება ადამიანი იბრძოდეს 4 კედელს შორის, უსამართლოდ დატყვევებული. ჩემი ბრძოლა გრძელდება, მე ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებდი აქამდე, უბრალოდ სხვანაირად. ამიტომ, მგონია, რომ ადამიანების გაძლებაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ისინი სიკვდილს ებრძვიან. როგორც მიშა მაგალითად. ის მიიყვანეს იქამდე, რომ გაძლებაზეა ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანი არის უმძიმესად ავად. მოვიკითხავ მას აქედან და ვთხოვ, რომ გამაგრდეს და მიხედოს პირველ რიგში ჯანმრთელობას, ის ცოცხალი სჭირდება არამხოლოდ მის ოჯახს. აღარ გავაგრძელებ,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

მსგავსი თემები