„სასამართლომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა” – მოსამართლე ბასილაშვილის საქმეზე

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ აღიარა და გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლემ, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დეტალურად ახსნა რა გახდა აღნიშნული გამამართლებელი განაჩენის საფუძველი.

„საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, დაცვის მხარის მიერ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა ნელი დოროყაშვილის ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე განხორციელებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან და არ ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, არ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით დაზარალებულის შევიწროების ფაქტები. კერძოდ, საბანკო ამონაწერებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ფაქტები. ასევე, არ დადასტურდა გენდერული ნიშნით დაზარალებულის კონტროლი, პროფესიული საქმიანობისთვის ხელშეშლა.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში (2018 წ) და საქართველოში (2019წ) განხორციელებულ შესაძლო ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებს, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებში მიმართვიანობას ადგილი არ ჰქონია. ამ ეპიზოდებშიც უტყუარად არ დადასტურდა პირის ბრალეულობა.

2020 წლის 21 მაისის, ე.წ. ავჭალის ეპიზოდში, ასევე არ იყო წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. უდანაშაულობის პრეზუმციის ცნების შესაბამისად, სასამართლომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა” –  აღნიშნულია  სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნელი დოროყაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ რეალურ ბრძოლას აწი იწყებს.

 

მსგავსი თემები