პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს არ ეთანხმება და საქმის გასაჩივრებას გეგმავს

სასამართლომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულად გაამართლა, თუმცა, ბრალდების მხარისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა.

როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორმა ნათია გურულმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, განაჩენის კატეგორიული წინააღმდეგია.

„ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, ბრალდების მხარეს გარკვეულწილად დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა. ამასთან, ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა.

ბუნებრივია, ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს, წერილობით არგუმენტაციას და ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს განაჩენს. ბრალდების მხარე არც იმ გარემოებას არ ეთანხმება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა“, – განაცხადა პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ნაწილში უდანაშაულოდ ცნო.

მსგავსი თემები