„ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის“ – მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე მორიგ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ ეს ვერ მოხდება. „როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის“ – აცხადებს რატი ბრეგაძე.

მინისტრი ასევე განმარტავს, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოს მსგავსი მოთხოვნა არც მიუღია.

,,მსგავსი ტიპის მოთხოვნა, ოფიციალური დოკუმენტაცია საქართველოში არ შემოსულა. რომც შემოვიდეს, ამ შემთხვევაში არსებობს უარის თქმის საფუძველი. კერძოდ, როდესაც ადამიანის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ბუნებრივია, ის ვერ იქნება გადაცემული სხვა სახელმწიფოსთვის. ნებისმიერი სახის ვარაუდებზე ვერც ერთ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვიცით ერთი რამე, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება კლინიკა ,,ვივამედში“, ის გადის მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსს და მუშაობს ექსპერტიზა ცენტი ,,ემპათიის” ჩართულობით. როდესაც ისინი დადებენ ოფიციალურ დასკვნას, მას მერე შეიძლება საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შორის ჩვენ, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა მივმართეთ სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ცენტრს და ისინიც ჩაატარებენ ექსპერტიზას იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი მსჯავრდადებულ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ისინი ჩაატარებენ სრულ და კომპლექსურ ექსპერტიზას”, – განმარტავს მინისტრი.

მსგავსი თემები