,,იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია”- სარჯველაძე

,,იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია,” – ასე აფასებს  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას.

მისი თქმით,  უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული არიან ცალკეული ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, რომ რამენაირად ცეცხლის წამკიდებლის როლი ითამაშონ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში.

„უკრაინელი ხალხის მიმართ გულისტკივილი მაქვს, რომლებიც ძალიან ხშირად არიან მსხვერპლი დიდ შეცდომებში შეყვანის თვალსაზრისით. იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს დიდი მცდელობა საიმისოდ, რომ დააშანტაჟონ საქართველოს ხელისუფლება ან საქართველოში ცალკეული პირები, რომ საქართველოში დატრიალდეს მსგავსი უბედურება, რაც ტრიალებს უკრაინაში. ეს არ არის საქართველოს ინტერესში და მინდა, უკრაინელი ხალხის გასაგონად ვთქვა, რომ ეს არ დაეხმარება უკრაინელი ხალხის ყოფას. უკრაინელ ხალხს გაჩანაგებული, გაუბედურებული და ომგამოვლილი საქართველო მეგობრად ნამდვილად არ სჭირდება. უკრაინას ფეხზე მდგომი საქართველო სჭირდება, რომელიც რეალურად მეგობარი სახელმწიფოა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები