,,ამის შემდეგ, ალბათ, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ” – სარჯველაძე ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე

,,ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ,”-  ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის მიერ  ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებას.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების ავტორების ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ.

„იმ უწყებისგან, რომლის ხელმძღვანელიც ცოტა ხნის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენო, არ არის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გასაკვირი და ყველაფერი გასაგებია. ამ გადაწყვეტილების შემოქმედი ის ხალხია, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. რადან ამ მოთხოვნებით მიზანს ვერ მიაღწიეს, ახლა როგორც ჩანს, სხვა სტრატეგიას მიადგნენ. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი?- ალბათ, დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან არ ვიცი, კიდევ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასეთ აბსურდულ დასაბუთებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაზე, არ ვიცი, შეიძლება, ომში მყოფი სახელმწიფო აძლევდეს თავს უფლებას და ამას ბედავდეს, მაგრამ არ მგონია, ნორმალურმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

ვინმემ დედამიწის ზურგზე იცის ამის დასაბუთება, თუ რა გახდა დასანქცირების მიზეზი? სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას ანდობენ ბატონ ზურაბ ადეიშვილს, გასაგებია, რომ სანქცია უნდა გავრცელდეს ვინმეს მიმართ, რომელსაც შეიძლება არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დაასანქცირა

მსგავსი თემები