,,ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა სრულიად უადგილოა”- გიორგი ტყემალაძე

მიმაჩნია, რომ ასეთ დროს დედაქალაქის მერის მიმართ ოპოზიციის მიუღებელი პოლიტიკური ინსინუაციები და ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა სრულიად უადგილოა. პირიქით, ასეთმა ტრაგიკულმა შემთხვევამ საზოგადოების კონსოლიდაციას, ობიექტურ ანალიზსა და დასკვნებს ხელი უნდა შეუწყოს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რითაც ვაკის პარკში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

გიორგი ტყემალაძემ გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესახებ დასმულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„ერთი კვირა გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა და ჩვენს გულებს უმძიმესი დაღი დაასვა. თანავუგრძნობთ მარიტას ოჯახს, მეგობრებს, უბედურ შემთხვევას გადარჩენილ ბავშვებს კი ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებ. ეს მხოლოდ მარიტას ოჯახის ტრაგედია არ არის, უამრავ გულმოკლულ ადამიანთა შორის არის ქალაქის მერი, ვართ ჩვენ და მერწმუნეთ, სულის სიღრმემდე შეძრულნი ვართ ყველანი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, რომელიც ამ მძიმე ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გარშემო დაისმის. ამასთან, კანონის წინაშე თანაბრად პასუხისმგებელია საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად თანამდებობრივი ცენზისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მსგავსი თემები