თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია  ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მერია, შესაბამისი სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას.

„გვინდა გამოვეხმაუროთ შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით წერია: „ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“.

პროექტში ასევე მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, თბილისის მერია, შესაბამისი სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, ასევე, პასუხი აგონ, თუკი გამოძიებით დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა გადაცდომას.

შეგახსნებეთ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 18 მაისს ტენდერის შესაბამისად, გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელ ემ სი“- სთან , რომლის მიზანი იყო ვაკის პარკში არსებული შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი თემები