,,ვეებერთელა ლოდები მოსწყდა და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა”- ქვათა ცვენა ვარძიაში

ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.

,,წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ამ დილით ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში, საყარაულოს თავზე, ვეებერთელა ლოდები მოსწყდა და გამაყრუებელი ხმით და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. საბედნიეროდ, მცველი უვნებლად გადარჩა!“ – წერს სოციალურ ქსელში კუკური მეტრეველი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომაც.

,,მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).

თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები