,,ბათუმი რა, დუბაი გახდა? – რუსებმა საქართველოში უძრავი ქონების 2 500 ობიექტი შეიძინეს და კიდე შეიძენენ”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმით, საქართველომ, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს გადახედოს.

კანდელაკის თქმით, ”რუსეთის კონფლიქტი დასავლეთთან საქართველოსთვის ოქროს საბადო გახდა”.

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა უნდა გადაიხედოს და მიზეზი საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებია. მინდა გავიცინო, მაგრამ ალბათ უფრო მივუსამძიმრებ. რუსეთის კონფლიქტი დასავლეთთან საქართველოსთვის ოქროს საბადო გახდა. 2022 წლის მარტიდან რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ბანკებში 400 მლნ აშშ დოლარი განათავსეს. ეს კი დასასრული არ არის, რადგანაც ანგარიშები ისევ იხსნება და ფულის გადარიცხვა გრძელდება.

მხოლოდ სექტემბერში საქართველოში 170 მლნ დოლარი გადაირიცხა. ეს ფული ბიზნესში ტრიალებს და მუშაობს. 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში უძრავი ქონების 2 500 ობიექტი შეიძინეს. და კიდე შეიძენენ. ბათუმი რა, დუბაი გახდა და იმ მრავალსართულიან სახლებში ინგლისელები ან ინდოელები იცხოვრებენ? არა, რა თქმა უნდა. რატომ იზრდება ბინებზე ფასი საქართველოში, თბილისშიც და შავი ზღვის სანაპიროზეც? იმიტომ რომ ბაზარს ჩასულები განსაზღვრავენ. თუ საქართველოს ეკონომიკური პროგნოზები გადაიხედა? იქ გაზი ან ნავთობი აღმოაჩინეს? არა. მიზეზი არის ემიგრაცია, რომლის მეშვეობით ხდება არც თუ ისე მდიდარი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. მაშინ რა საჭიროა ამ ზრდის დანგრევა, რაც მან ასე მოულოდნელად, მომენტალურად, და ქვეყნის მიმართ რუსების სიყვარულის გამო მიიღო? მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტი პროდასავლურ პოლიტიკოსად გამოჩნდეს?

ფინალი ძალზე სამწუხარო იქნება. როგორც ჩვენთან ამბობენ – ქალბატონო პრეზიდენტო, თუ ერთმა სულელმა ალმასი წყალში ჩააგდო, მას უკვე ათასობით ჭკვიანიც კი ვერ ამოიღებს“, – წერს თინა კანდელაკი.

მსგავსი თემები