დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, თვითნებობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განახორციელა. ასევე რამდენჯერმე იძალადა მასზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, რაც ინტერნეტის მეშვეობით უკანონოდ გაავრცელა.

,,სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა(ორი ეპიზოდი)), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა(ორი ეპიზოდი)), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები