,,მერიას არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეიტანოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში”- ანდრია ბასილაია

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტი იბარებს კონკრეტული ეტაპების დასრულებულ სამუშაოებს, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნა.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, საექსპერტო დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე დადებითი იყო.

„ჩვენი უწყება ამოწმებს, აკრედიტებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება, რაც შემოწმებულია. ასევე, დასკვნის შინაარსს – არის თუ არა დასკვნა დადებითი. ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე იყო დადებითი. დასკვნაში ცალსახად იყო ნახსენები, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და პროექტი შესრულებულია ქვეყანაში არსებული ყველა სამშენებლო ნორმის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც არ ჰქონდათ, არ გაეცათ
თანხმობა ჩაბარებაზე. თბილისის მუნიციპალიტეტს არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო. ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, ეჭვი შეეტანა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში“, – განაცხადა ბასილაიამ.

მისივე თქმით, როგორც მერია, ისე ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს ერთნაირი წესით მოქმედებს.

„ზოგადად, როგორც გარემოს დაცვის სამსახური, ისე მერიის სხვა ნებისმიერი საქალაქო სამსახური, ასევე, სახელმწიფო უწყება ერთნაირად აწარმოებს საქმეს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება კასკადის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, შევადგინეთ ტექნიკური დავალება რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც ჩადებული იყო ყველა ის მოქმედი სამშენებლო ნორმა თუ სტანდარტი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ამის საფუძველზე შემუშავდა პროექტი და შემდგომ მოხდა ამ პროექტის ექსპერტიზა, რომელიც ჩაბარდა დედაქალაქს. ეს არის პირველი ეტაპი. ამასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია, როგორც ექსპერტიზაზე, ასევე თვითონ პროექტზე თუ ტექნიკურ დავალებაში ჩადებულ მოთხოვნებზე, განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, იმიტომ, რომ ეს მოხდა
ჩვეულებრივად, ტენდერის გზით. შემდგომ, როცა ჩავიბარეთ დაექსპერტებული პროექტი, განხორციელდა მეორე სახელმწიფო შესყიდვა – მეორე ტენდერი უკვე უშუალოდ სამუშაოებზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი –
ჩვენ შევისყიდეთ კასკადის რეაბილიტაციის სრულყოფილი პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, შადრევნის რეაბილიტაციის საექსპერტო დასკვნა განთავსებულია სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

„როდესაც დაიწყო პროექტის განხორციელება, გარკვეული ეტაპი ჩაბარდა დედაქალაქს. მაგალითისთვის, პირველი ეტაპი იყო სადემონტაჟო სამუშაოები. როდესაც დასრულდა დემონტაჟი, შესაბამისი მიღება-ჩაბარება, დაექსპერტებული, რომელსაც ხელს აწერს ქვეყანაში აკრედიტებული ექსპერტი, ჩაბარდა დედაქალაქს.
ჩაგვბარდა რამდენიმე ასეთი ეტაპი და ყველა ეტაპი არის დაექსპერტებული, მათ შორის, შადრევნის ნაწილი. თვითონ შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა არის 500 გვერდზე მეტი, დევს სახელწიფო შესყიდვების ვებგვერდზე და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.

„ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ გავარკვიოთ, თუ რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ამა თუ იმ მექანიზმმა, რომელიც ჩადებული იყო პროექტში. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა, აგოს პასუხი, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“, – განაცხადა ბასილაიამ.

მსგავსი თემები