,,ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, პასუხი აგოს, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება”- თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

,,ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, პასუხი აგოს, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება,”– ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ინტერესია, დადგინდეს მიზეზები, რის გამოც უსაფრთხოების მექანიზმმა არ იმუშავა.

,,რაც შეეხება ამ პროექტს – კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო თუ როგორ და რატომ წარიმართა ეს პროცესი. ზოგადად, როგორც გარემოს დაცვის სამსახური, ისე როგორც სხვა საქალაქო სამსახური და სახელმწიფო უწყება ერთნაირად აწარმოებს საქმეს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენ შევადგინეთ ტექნიკური დავალება ამ რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც იყო ჩადებული ყველა ის მოქმედი სამშენებლო ნორმა თუ სტანდარტი, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ამის საფუძველზე შემუშავდა პროექტი და შემდეგ მოხდა ამ პროექტის ექსპერტიზა, რომელიც ჩაებარა დედაქალაქს.

ეს არის პირველ ეტაპი და ამასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაცია როგორც ექსპერტიზაზე ასევე პროექტზე, ასევე იმაზე, თუ ეს მოთხოვნები იყო ტექნიკურ დავალებაში ჩადებული ამ პროექტზე, არის განთავსებული სახელმწიფო შესყიდვების საიტზე. შემდეგ უკვე როცა ჩავიბარეთ დაექსპერტებული პროექტი, მოხდა სახელმწიფო შესყიდვა, მეორე ტენდერი უშუალოდ სამუშაოებზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი.

ჩვენ შევისყიდეთ სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველა საჭირო კომპონენტს. როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპები ჩაბარდა დედაქალაქს. მაგალითისთვის, პირველი ეტაპი იყო სადემონტაჟო სამუშაოები. როდესაც მორჩა სადემონტაჟო სამუშაოები, შესაბამისი მიღება-ჩაბარება დაექსპერტებული, რომელსაც აწერს ქვეყანაში აკრედიტირებული ექსპერტი, ჩაბარდა დედაქალაქს. ასეთი რამდენიმე ეტაპი ჩაბარდა. ყველა ასეთი ეტაპი არის დაექსპერტებული და ჩაბარებული. მათ შორის, შადრევნის ნაწილი. თვითონ შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა არის ხუთას გვერდზე მეტი. ეს დასკვნა დევს სახელმწიფო შესყიდვების საიტზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს ნახოს.

რაც შეეხება ჩვენს სამსახურებს – ჩვენი სამსახური ამოწმებს აკრედიტირებული არის თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება და ასევე დასკვნის შინაარსს ამოწმებს, არის თუ არა დასკვნა დადებითი. დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ცალსახად ყველა ეტაპზე დასკვნაში ნახსენები იყო, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და ეს პროექტი არის შესრულებული ქვეყანაში ყველა არსებული სამშენებლო ნორმის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე.

თბილისის მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო,” – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მსგავსი თემები