სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, კარლოტას კითხავენ

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძალადობაში ბრალდებული პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მოწმის სტატუსით ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს, კარლოტა ფონდერლინდეს კითხავენ.

კარლოტას გამოძახება იმიტომ ახდა საჭირო, რომ ის ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ნელი დოროყაშილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის დაპირისპირება, კერძოდ „სახლში მივარდნის“ ეპიზოდი მოხდა.

„ნიკას მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობა არ დამინახავს, ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი“ – ასე მიმართა კარლოტამ სასამართლოს.

მისი თქმით, 2020 წლის 21 მაისს, ავჭალაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში განვითარებული მოვლენები დროს სახლში იყო და ბასილაშვილების მხრიდან დოროყაშვილის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„ნელის უნდოდა იქ მისულიყო, სადაც ლუკასი და ნიკოლოზი იყვნენ. შემდეგ ნიკამ გადაწყვიტა ავჭალაში ცოტა ხნით ლუკასთან ერთად წასულიყო, ისინი დაახლოებით, 15:00 საათისთვის მოვიდნენ ავჭალაში. მე ტერასაზე ვიყავი, „შეზლონგზე“ ვიწექი, როცა ნიკას მანქანის ხმა გავიგე, ხელი დავუქნიე ორივეს. ნელის არ მოსწონდა ლუკასი რომ გავიცანი, ამაზე ცუდი რეაქცია ჰქონდა. ტერასაზე, ისევ „შეზლონგზე“ დავრჩი. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ისევ მანქანის ხმა გავიგე. ავდექი, რომ გამეგო რა ხდებოდა. დავინახე, რომ ნელი მთავარ ჭიშკართან იდგა, მივხვდი რომ ის იყო, რადგან მანამდე სურათებში ნანახი მყავდა. ნიკა და ლუკასი ჭიშკართან მივიდნენ. ნიკამ ლუკასი მანქანისკენ წაიყვანა, ნელი მანქანამდე გაჰყვა, უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდა ნელი, ლუკასი ნიკამ მანქანაში ჩასვა და თვითონაც ჩაჯდა, ნელიმ ყვირილი დაიწყო აგრესიულად და მანქანის კარის ჯაჯგური.

ნიკა გადმოვიდა მანქანიდან და ლუკასიც გადმოიყვანა, ნელის გადააწოდა, ნელი და ნიკა ცოტა ხანი ლაპარაკობდნენ. ნელის ლუკასი ჰყავდა ხელში აყვანილი, ნიკა ლუკასის მკლავს ეფერებოდა…  ნიკას მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური ძალადობა არ დამინახავს. ეს რომ დამენახა, მასთან არ ვიქნებოდი“ – აღნიშნა კარლოტამ სასამართლო პროცესზე.

მისივე თქმით, მან ნიკას მამისგან გაიგო, რომ ნიკა ძალადობისთვის იყო დაკავებული.

„ნიკამ ამიხსნა, რომ ნელი პროვოკაციის მიზნით მოვიდა და შეურაცხყოფა მიაყენა ნატალიას (ნიკას დედას). ნიკას ძმას, თენგიზს ტელეფონზე დავურეკე, რადგან ნატოს (ნიკას დედა) გამო შემეშინდა და მინდოდა გვერდით ჰყოლოდა. მე და ნიკა “კინგ დევიდში” წავედით, შემდეგ ნიკა პოლიციაში წავიდა, რომ ეცნობებინა რაც მოხდა. არ უნდოდა, რომ ნელი ისევ ავჭალაში დაბრუნებულიყო. ნიკას რძალმა მომაკითხა, ჩვენ გავისეირნეთ, ნიკას დაბრუნებას ველოდებოდი, მაგრამ არ დაბრუნდა, ავნერვიულდი, თენგომ (ნიკას მამა) დამირეკა, ნიკა დაიჭირესო და მკითხა, რა მოხდა ავჭალაშიო. გავიგე, რომ ნიკა ძალადობისთვის დაიჭირეს, ამიტომ პოლიციაში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ ადვოკატმა მითხრა, რომ იმ ეტაპზე ეს არ უნდოდა”,- აღნიშნა კარლოტამ სასამართლოზე.

 

მსგავსი თემები