,,მინდა ბოდიში მოვიხადო”- გიორგი ამილახვარი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის. უმრავლესობის წევრის განცხადებით,  გახსნილ შადრევანზე და რეკონსტრუქციაზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ალბათ, ახლა არავინ არ განიცდის ამას ჩემზე მეტად, მაგრამ საზოგადოებისთვის მინდა ერთი რამ განვმარტო. თუ რაიმე ფორმით ჩემი განცხადება არასწორად გამოვიდა, ბოდიში მინდა მოვიხადო ამისთვის, პირველ რიგში, ჭირისუფალი ოჯახის წინაშე და მთლიანად საზოგადოების წინაშე. ჩემი განმარტება ეხებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხს. ჩემდა სამწუხაროდ, საერთოდ არ მქონდა ინფორმაცია არც ამ რეკონსტრუქციაზე და არც ამ ტრაგედიაზე დილას, როდესაც ჟურნალისტი ამას მეკითხებოდა და მეკითხებოდა იმ კონტექსტში, რომ ახლაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და იქ მოხდა ეს ფაქტი, რომელიც არ ვიცოდი თუ ასეთი სიმძიმის იყო. უბრალოდ ჩემი განმარტება იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივია, სამშენებლო მოედანზე შესაძლოა, იყოს რაღაც ასეთი რისკები და თუ მეთვალყურეობის გარეშე რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.

ბუნებრივია, ეს ამბავი ხდება უკვე გახსნილ შადრევანზე და აქ კომენტარი ზედმეტია. არა თუ მწუხარებას გამოვთქვამ, სრულად შეძრული ვარ ჩემი თავითაც, ისე განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ მერე რაც მოჰყვა, ეს ნიაღვარი და ახლაც მიმდინარეობს, სრულიად გაუგონარია, ეს უფრო მაშფოთებს, იმიტომ, რომ თავად ჟურნალისტმაც იცის მე რა კონტექსტში მკითხა და რა კონტექსტში ვუპასუხე და სამწუხაროდ, რამდენიმე საათის შემდეგ დადგა ის ტრაგიკული ფაქტი, რაც ბავშვის გარდაცვალებას ეხება და ამის შემდეგ ხდება ამ ყველაფრის იმ კონტექსტში ტირაჟირება, როგორც ხდება.

უდაოა, ბუნებრივია, ნებისმიერი პირი, ვინც პასუხისმგებელია ამ ნაწილში, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და კიდევ ერთხელ მინდა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მოვუხადო ბოდიში, ვინაიდან მსგავსი არასდროს არაფერი მიგულისხმია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არათუ პოლიტიკაში ყოფნის დროს. განვიცდი, თქვენც ბოდიშს გიხდით, კოლეგებო, საზოგადოებას და ჭირისუფლის ოჯახს“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

,,არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია”- ამილახვარი

 

 

მსგავსი თემები