,,გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს – კარგად გაიხედოს თავისი ოფისის ფანჯრიდან და კარგად მოიკითხოს, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა”- ბექა ოდიშარია

,,კარგად მოიკითხოს, რა გააკეთა ივანიშვილმა, შემდეგ შეუძლია, ილაპარაკოს მასსა და საქართველოზე,” – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას.

მისი თქმით, ,,იმის გამო, რომ მეგობრობენ „ნაცებთან“ და ნაცმაცუნებთან, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ იმ ადამიანებს და ხელისუფლებას, რომლებიც გულწრფელად უდგანან გვერდით მათ და მათ ხალხს“.

„პოდოლიაკის ინტერვიუს მოვუსმინე ერთ-ერთ სატელევიზიო ჩართვაში, „ტელეგრამ არხი“ იყო და ისეთი კარგი რუსულით საუბრობს, რუსული მისგან მესმოდა, უკრაინულად ერთი სიტყვა არ უთქვამს და რამდენჯერ უნდა დავინდოთ იმის გამო, რომ უკრაინელ ხალხს ვგულშემატკივრობთ, მართლა განვიცდით. გემს მიხედოს პოდოლიაკმა, გემს, იმ ძველი ხუმრობის არ იყოს. ბიძინა ივანიშვილთან შედარებით ჯერ ერთი, ქვა ქვაზე დადოს თავის ქვეყანაში და კარგად გაიხედოს თავისი ოფისის ფანჯრიდან, რა ხდება ქვეყანაში და კარგად მოიკითხოს, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. შემდეგ შეუძლია, ენა გადაიგდოს მხარზე, ილაპარაკოს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოზე. მეტი მკვეთრად რა ვთქვა პოდოლიაკზე. მტკიცებულებები ვის აქვს და ვის – არა, ბნელ ოთახში ეძებენ კატას, იქ, სადაც არ არის. ნუ ვნებთ ჩვენს ქვეყანას და ნუ ცდილობთ, რამენაირად ომში ჩართვის ქოთანს ხან აქედან მოაბათ კუდი, ხან იქიდან. ეს იმდენად ზედაპირზე დევს, რომ საზოგადოებას უკვე ამ დამოკიდებულების ატანა აღარ აქვს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, „არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს”.

მსგავსი თემები