,,მზად ვართ ხანგრძლივი გზისთვის და მხარს დავუჭერთ უკრაინას მათ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”- იენს სტოლტენბერგი

„ნატო-ს მიზანია კონფლიქტებისა და ომის თავიდან აცილება. შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს შემაკავებელ შესაძლებლობებს, რათა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ყველა მოკავშირე,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას განიხილავენ და მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის.

„დღეს და ხვალ ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო კვირებში ჩვენ ვიხილეთ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია უკრაინაში თებერვალში ინტერვენციის შემდეგ. რუსეთი ახორციელებს ათობით ათასი სამხედროს მობილიზებას. ისინი ცდილობენ უკრაინის ახალი მიწების უკანონო ანექსიას და ჩვენ ვიხილეთ უკრაინულ ქალაქებზე განურჩეველი დარტყმები. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მოსკოვისგან შეფარული ბირთვული მუქარები. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს. გზავნილი ნატო-ს მოკავშირეებისგან იქნება ის, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცეა, ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი გზისთვის და მხარს დავუჭერთ მათ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მინისტრ რეზნიკოვთან შეხვედრა გაიმართება აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, ასევე მოგვიანებით ნატო-ს მინისტრებთან, სადაც ჩვენ განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები