„ომი პუტინმა დაიწყო და მანვე უნდა დაასრულოს“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი  უკრაინის მხარდამჭერ მორიგ განცხადებას აკეთებს და პუტინს მოუწოდებს ომი დაასრულოს. როგორც იენს სტოლტენბერგი აცხადებს, ნატო უკრაინის გვერდით დგას და ასე იქნება მანამ, სანამ საჭირო იქნება.

მისივე განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომაც უნდა შეწყვიტოს ბელარუსის თანამონაწილეობა ამ არალეგალურ კონფლიქტში.

„ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები შეხვდებიან ამ კვირაში, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან დროს. ჩვენ შევაფასებთ მიღწეულ პროგრესს ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით. მეტად გავაძლიერებთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, რასაც გავაკეთებთ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ განხორციელებული საბოტაჟის ფონზე. ჩვენ გავაძლიერებთ და განვამტკიცებთ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვის გაგრძელება და ტერიტორიების რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლება“ – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა განმარტა, პუტინის უგუნური, ბირთვული რიტორიკა ყველაზე მნიშვნელოვანი ესკალაციაა.

„უკრაინას აქვს იმპულსი და აგრძელებს მნიშვნელოვან წინსვლას მაშინ, როდესაც რუსეთი სულ უფრო მეტად ირჩევს საშინელ, განურჩეველ დარტყმებს სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურაზე. პუტინის მიერ განხორციელებული ანექსიის მცდელობა და ნაწილობრივი მობილიზაცია, ასევე უგუნური ბირთვული რიტორიკა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ესკალაციას ომის დაწყების შემდეგ. ეს აჩვენებს, რომ ომი გეგმის მიხედვით არ მიდის“ – აცხადებს სტოლტენბერგი.

მსგავსი თემები