,,ქოცმედია რეკავს პარტიაში ჩვენს თანამებრძოლებთან და კომენტარს ითხოვენ – სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება”- მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პარტიაში დაპირისპირების შედეგად მან დაზიანებები მიიღო და ხელი აქვს მოტეხილი. მელიას თქმით, მან დაზიანება სპორტული აქტივობის დროს მიიღო.

„ამ ბოლო ხანებში, პარტიისა და პირადად ჩემს მიმართ აგორებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ და დეზინფორმაციის კორიანტელმა დიდ მასშტაბს მიაღწია, რაც ცალსახად მხოლოდ რუსული ოცნებისა და იმ ადამიანების ინტერესშია, ვისთვისაც საკუთარი გავლენების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის გამარჯვება,

ამჯერად ავრცელებენ ცნობას, რომ თითქოსდა პარტიაში დაპირისპირებისას ხელი მოვიტეხე. ამასთან დაკავშირებით, ქოცმედია რეკავს პარტიაში ჩვენს თანამებრძოლებთან და კომენტარს ითხოვენ.

ნუ შეაწუხებთ, მე მოგახსენებთ:

სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება, რაც მთავარია, ხელი არც იქ მომიტეხია, თითი და როდესაც ექიმთან მივდიოდი, მეგობრებთან ვიხუმრე კიდეც, რომ ამას კუდს მოაბამდნენ. ისე აუხდეს ყველა სურვილი ჩვენი ქვეყნისთვის კეთილისმსურველს, როგორც ეს ამიხდა.

ჩემს ბავშვობაში იყო წიგნი „ფანტაზია და მარჯვე ხელები“. როგორც ჩანს, ვიღაცებმა მხოლოდ სათაური წაიკითხეს და მონდომებით აწვალებენ ფანტაზიას და ხელმარჯვობენ“, – წერს მელია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები