ახალ ლურჯი ავტობუსების შემდეგ, თბილისის ქუჩებში MAN -ის მწვანე ავტობუსები გამოჩნდება

თბილისის ქუჩებში მალე კომპანია MAN -ის მიერ აწყობილი ახალი, მწვანე ავტობუსები გამოჩნდება.  ათი მეტრის სიგრძის, ევრო-6-ის ტიპის, დიზელზე მომუშავე ავტობუსები ქალაქში ხვალიდან, ეტაპობრივად შემოვლენ.

ავტობუსში არის 27 სკამი, განთავსებულია ვიდეოკამერები, ადაპტირებულია შშმ პირებზე. აღჭურვილია მგზავრთა უსაფრთხოების სისტემით – გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა, ასევე, დაცულია მოცურებისგან; ავტობუსის სალონში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. გარდა ამისა, აღჭურვილია USB-დამტენების რვა წერტილით, რომელიც დამონტაჟებულია მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილზე. აღჭურვილია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემითა და გაჩერების გამოცხადების ტექნიკური საშუალება აქვს.

თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობის პროცესი დაათვალიერა. 

კალაძის ინფორმაციით, 90 ერთეული ავტობუსიდან, ნაწილი უკვე დამზადებულია. ფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კი, თბილისის მოსახლეობასთან ერთად მიიღეს.

„90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ. MAN -ის ავტობუსებით გადაადგილდება საკმაოდ კომფორტულია. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იქნება. დამატებით, 220 ერთეული ავტობუსის შესასყიდად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომელიც არსებულ ავტოპარკს ჩაანაცვლებს. მეტროში მგზავრთა ნაკადი 25%-ით არის გაზრდილი და ახალ შემადგენლობებს ვამატებთ იმისთვის, რომ პიკის საათებში მოცდის დრო შევამციროთ. ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან სწრაფი და კომფორტული უნდა იყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე წყნეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასაც გამოეხმაურა, სადაც ავტობუსს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება დედაქალაქის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოწესრიგდეს. 

მისივე თქმით, ​წლის ბოლომე ძველი, ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლება იგეგმება. 

მსგავსი თემები