„ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99%-ზე მეტი კმაყოფილდება იმპორტით“ – დავით ნარმანია „მედიცენტრ მთავარში“

ბუნებრივი აირის იმპორტისა და ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საქართველოსთვის ბუნებრივი აირი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილი 38%-ს აჭარბებს.

ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99%-ზე მეტი კმაყოფილდება იმპორტით, ხოლო დარჩენილი მცირე ნაწილი, ადგილობრივი მოპოვებით. გაზის უმთავრესი მომწოდებელია აზერბაიჯანის რესპუბლიკა. საშუალოდ, საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს ქვეყნის  მთლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 91%-ს.

დავით ნარმანიას თქმით, საქართველო გრძელვადიანი მოწოდების კონტრაქტების ფონზე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ბაზრისა და ფასების სტაბილურობას. სისტემა ტექნიკურადაც მზად არის და ზამთრის პერიოდში არსებული მოთხოვნაც დაკმაყოფილდება ისე, როგორც ეს წინა ზამთრის პერიოდებში ხდებოდა, ჩვეულებრივ გაზის სხვადასხვა კონტრაქტების მეშვეობით.

„განხორციელდა დაგეგმილი სამუშაოები სოკარის მფლობელობაში არსებულ განაწილების ინფრასტრუქტურაზე ქვეყნის შიგნით. აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდება გრძელდება არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში. დამტკიცებული ბალანსის შესაბამისად, ქვეყნის ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის უზრუნველყოფა დაგეგმილია აზერბაიჯანიდან. არსებული მოცემულობის და მზაობის ხარისხის გათვალისწინებით გაზის მოწოდების თვალსაზრისით გამოწვევებს არ ველოდებით“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

 

მსგავსი თემები