„ამ ეტაპისთვის, ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში არსებულ მდგომარეობაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მან  განაცხადა,  ენერგეტიკის სექტორი ზამთარს მომზადებული ხვდება. ამასთანავე, ამ ეტაპის მონაცემებით, ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.

„მიმდინარე წელს 2021 წელთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება გაზრდილია 9.8%-ით. წინა წელს ელექტროენერგიის ჯამურმა გამომუშავებამ შეადგინა 12,431 მლრდ კვტ/სთ, ხოლო 2022 წელს  –  საპროგნოზო მაჩვენებლების შესაბამისად, ჯამური გამომუშავება შეადგენს 13.645 მლრდ კვტ/სთ-ს. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 4%-ით. 2021 წლის ჰიდროელექტროსადგურების ჯამურმა გამომუშავებამ შეადგინა 10,064 მლრდ კვტ/სთ, ხოლო 2022 წლის ჯამური საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10,466 მლრდ კვტ/სთ-ით.  ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების წილის ზრდა განპირობებულია ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად სადგურის წარმოების მაჩვენებლების გაუმჯობესებით. რაც შეეხება  ელექტროენერგიის შიდა მოხმარებას, 2021 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს მოხმარება გაზრდილია 6.2%-ით და შეადგენს 14,914.9 მლრდ კვტ/სთ-ს“ – აღნიშნა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

რაც შეეხება იმპორტს, ნარმანიას ინფორმაციით, იმპორტი ხორციელდება აზერბაიჯანიდან.

„2021 წელთან შედარებით 27%-ით შემცირებულია იმპორტი და 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს განხორციელებული იმპორტის ჯამური მოცულობა 1.465 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს.  საქართველომ იმპორტის განხორციელება  სექტემბერში უკვე დაიწყო, ხოლო ექსპორტი მინიმუმამდე შეამცირა. იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან“, – აღნიშნა  დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“

“ტარიფების მატება არ იგეგმება” – დავით ნარმანია “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები