მორატორიუმი და დაპაუზებული მცხეთა – ადგილობრივების პროტესტი და განიავებული ათასები

მორატორიუმი, დაპაუზებული მცხეთა და უფლებაშელახული მოსახლეობა, რომელიც წლებია, მცხეთისთვის მორატორიუმის მოხსნას ითხოვს, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დადგა – ეს ის თემაა, რომელზეც მოსახლეობამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტა ითხოვა.

პრობლემა 2015 წლიდან, კერძოდ, მცხეთაში მორატორიუმის გამოცხადებიდან დაიწყო, რომელსაც ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი უნდა მიჰყოლოდა, თუმცა, დაიხარჯა ათასები და 2019 წლისთვის არც გენერალური გეგმის დოკუმენტი არსებობს და არც მორატორიუმის მოხსნას უჩანს პირი.

„პრობლემა ეხება კერძო მესაკუთრეთა ინტერესების უხეშ დარღვევას. 2011 წლის ოქტომბერში გამოცხადდა აუქციონი სასახლკარე ნაკვეთებთან დაკავშირებით. მოსახლეობამ აუქციონში მონაწილეობა მიიღო, მათ შორის მეც და შევიძინეთ 600 კვადრატი სასახლკარე ნაკვეთი. იმავე წლის ნოემბერში დავიწყეთ მიწის გადასახადის გადახდა და ამ თანხას დღემდე ვიხდით. 2015 წელს მცხეთაში გამოცხადდა მორატორიუმი, აიკრძალა ყოველგვარი მშენებლობა და კერძო მესაკუთრეთა უფლებები დღემდე არავის აინტერესებს. ეს კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდა არავინ იცის. ჩემს შემთხვევაში, ვსაუბრობ „ფიქრის გორაზე“ სადაც ახალი განაშენიანება უნდა მომხდარიყო. ეს არის ტერასული ადგილი, რომლის შესახებ იუნესკოც ინფორმირებულია. იუნესკომ თავად შემოგვთავაზა ძალიან კარგი პროექტი, თუმცა, ამდენი წელი გავიდა და ვართ გაყინულ მდგომარეობაში, ვერაფერში ვიყენებთ მიწას, თუმცა გადასახადს ყოველ წელს ვიხდით“ – აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, უფლებაშელახულმა მცხეთელმა ჟუჟუნა წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება მორატორიუმს, ის პირდაპირ კავშირშია ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმასთან, რომელიც მცხეთას ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა ჰქონოდა. კერძოდ, 2015 წელს ქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გეგმარებით დავალებაზე მუშაობა შპს „სალი -2011“-მა დაიწყო. სატენდერო თანხა კი 160 000 ლარს შეადგენდა. მას შედეგი, ანუ მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი 1 წელსა და 6 თვეში უნდა დაედო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხის ათვისება სრულად მოხდა, შედეგი ვერ დადგა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იუნესკომაც დაიწუნა და თვითმმართველობამაც, რომელმაც დოკუმენტი ჩააგდო. „გენგეგმაზე მუშობდა კომპანია „სალი – 2011“, მათ წარმოადგინეს არაფრის მომცემი გეგმა, რომელიც არანაირად არ ითვალისწინებდა არც მოსახლეობის ინტერესებს, არც ახალ განაშენიანებას. მისი შექმნილი დოკუმენტი უხეირო გამოდგა, ის არც იუნესკომ აღიარა და არც ქალაქის მთავრობამ და შემოიდო თაროზე“, – აღნიშნა ჟუჟუნა წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“, რომელიც ამავდროულად „მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციის“ დამფუძნებელია.

რაც შეეხება დღევანდელ რეალობას, 2018 წელს გენგეგმაზე ტენდერი ისევ გამოცხადდა. ტენდერში ამჯერად შპს „აქოლისმა“ გაიმარჯვა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როგორც ადგილობრივები აცხადებენ, „აქოლისისა“ და „სალი 2011“-ის წარმომადგენლები ერთიდაიგივე ადამიანები არიან, განსხვავება მხოლოდ კომპანიის დასახელებაშია.

„დღეს კი მივედით იქამდე, რომ კომპანია შეიცვალა, ხალხი ერთიდაიგივე დარჩა და ამ კომპანიამ 2018 წელს იგივე საკითხზე ახალ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და ისევ გაიმარჯვა. „სალი 2011“ გახდა „აქოლისი“. ვინც „სალი 2011-ში“ მონაწილეობდნენ, გადმოვიდნენ აქეთ. მათ 160 000 ლარი ტყუილად გახარჯეს, საქმე არ გაუკეთებიათ, დღეს კი ეს 160 000 ლარი გახდა მილიონ 800 000“ – აცხადებს მოსახლეობა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ადგილობრივები კომპანიას ედავებიან, ის არის, რომ იგნორირებულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე მოსახლეობის ინტერესები და მათი ჩართულობა ნულოვანია.

„რანაირად შეიძლება გენგეგმა მომზადდეს ისე, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ინტერესები არ იყოს გათვალისწინებული. არადა, იუნესკო მოითხოვდა ამას. მათ წარმოდგენილ დოკუმენტში ახალი განაშენიანება საერთოდ არ არის ნახსენები. ჩვენ, დაზარალებულები, მცხეთელები ცოტანი ხომ არ ვართ, ყველას უფლება შელახული და დარღვეულია. ფართი კრედიტებით გვაქვს შეძენილი „საქართველოს ბანკიდან“ და დღემდე ვიხდით ამ კრედიტებს. როგორ, განაშენიანება არ უნდა იყოს დოკუმენტში ნახსენები? როგორ, მცხეთა არ მრავლდება, არ უნდა განვითარდეს და გაიყინოს? 2015 წლიდან მორატორიუმის რეჟიმში ვცხოვრობთ და კაცმა არ იცის, როდის გვეშველება“, – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავარში“ მცხეთელების ინტერესების დამცველმა ჟუჟუნა წიკლაურმა.

არსებულ დოკუმენტებში „მედიაცენტრ მთავარმაც“ ჩაიხედა და თვალში მოსახვედრია ის ფაქტი, რომ „აქაოლისის“ სამუშაო ჯგუფში სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც „სალი 2011“-ის შემთხვევაში იყვნენ.

მსგავსი თემები