,,ასეთი გათიშული და დაბეჩავებული ოპოზიცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი მახსოვს”- ალეკო ელისაშვილი

,,ასეთი არასერიოზული, ქაოტური და ბრიყვული აზრები, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს, ყველაფერს აზიანებს და ამიტომაც არის ოპოზიცია იქ, სადაც არის,”- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ასეთი გათიშული და დაბეჩავებული ოპოზიცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი ახსოვს.

„ოპოზიცია გათიშული და დაბეჩავებული რომ არის, ასეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში არც კი მახსოვს. კვლევებს უნდა ჩავხედოთ კარგად. რა გვითხრა კვლევამ? – ხალხმა თქვა, ჩვენზე არ ფიქრობთ, ჩვენ ერთგან ვართ, თქვენ სხვა რაღაცას აკეთებთო, ჩვენი არ გესმითო. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამბობს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად რატომ სხედხართ და მუშაობთო. იმიტომ კი არ ვზივარ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების დანახვა მიხარია, მინდა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ამისთვის ვმუშაობთ. ეს გვითხრეს ევროპელებმა და ამის ახსნა რომ გვიწევს, ამაზეც ვბრაზდები. ორჯერ ორი რომ ოთხია, ზოგიერთ ოპოზიციონერს რატომ არ ესმის? – სამუშაო ჯგუფში მათთან ჯდომა კი არ გვიხარია, გვინდა, ევროკავშირის წევრები გავხდეთ. ასეთი არასერიოზული, ქაოტური და ბრიყვული აზრები, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს, ყველაფერს აზიანებს და ამიტომაც არის ოპოზიცია იქ, სადაც არის. ეს განცხადებები არის არა მხოლოდ ბრიყვული, არამედ მავნებლურიც. რისთვის გვსაყვედურობს, რომ ვმუშაობთ? – ევროკომისიის სახელმძღვანელოს და ინსტრუქციას მივყვებით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები