„ლუკაშენკო ახლო მომავალში არ აპირებს აფხაზეთის აღიარებას, ამით ქართულმა დიპლომატიამ უნდა ისარგებლოს“ – ჯემალ გამახარია

„რუსეთი დიდად არც არის დაინტერესებული აფხაზეთი ყველამ აღიაროს. მისი ინტერესია ამ ტერიტორიის „კორპორაცია“ რუსეთში. ამისთვის კი საკმარისია რამდენიმე სახელმწიფოს აღიარება“ – აცხადებს ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავართან.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, რუსეთი აფხაზეთის აღიარებისთვის ფულს არ გადაიხდის.

„ამისთვის ის ფულს არ გადაიხდის. თავიდან უკვე გადაიხადა. გადაუხადა ნაურუს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ამით იყიდა აფხაზეთის აღიარება, მეტი მას არც სჭირდება, ის ამაში ფულს არ გადაიხდის“ – აღნიშნა გამახარიამ მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით, ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა, არ არის დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭებით.

„ლუკაშენკოს აშკარად არ უნდა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა. მან იცის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება ავტომატურად ნიშნავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას. ის იძულებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა. ჩემი შეფასებით, ბატონი ლუკაშენკო ახლო მომავალში არ აპირებს აფხაზეთის აღიარებას და ჩვენმა დიპლომატიამ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოს. რუსეთის ზეწოლით ის  აპირებს აფხაზეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთერთობა დაამყაროს. როგორც რუსეთი ისე ბელორუსი ცდილობენ, აფხაზეთი გამოიყენონ სანქციებისთვის გვერდის ასავლელად და უკვე იყენებენ კიდეც“ – აღნიშნა გამახარიამ.

რაც შეეხება აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლის მიზეზს, გამახარია შემდეგნაირად ხსნის:

„ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა იმისთვის რომ აფხაზურ მხარეს შეუქმნას ილუზია რომ შეიძლება მან აღიაროს აფხაზეთი. მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ლუკაშენკოს აქვს ნათქვამი აფხაზური მხარისთვის – თუ თქვენ ბიჭვინთას გადასცემთ რუსეთს, მე მზად ვარ აფხაზეთი ვაღიაროო. გადაცემის შემთხვევაში ის აღიარებს თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. მისი მიზანია აღიარების ილუზიის გატარება, რომ რუსეთმა ბიჭვინთა შედარებით მარტივად მიიღოს“ – აღნიშნა გამახარიამ მედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები