“მიშა საშიში არ არის“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ ამ შეხვედრიდან ერთი რამ ნათლად გამოიკვეთა – მიშა საშიში აღარ არის. დეპუტატი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყოფილი პრეზიდენტი დღემდე ვერ მიხვდა, თუ რის გამო უთხრა მას ხალხმა უარი.

„პოლიტიკაში ფიცი არგუმენტად არ გამოდგება, მაგრამ ოჯახს ვფიცავ, ნამდვილად მეტად ჭკვიანი მეგონა. თუმცა, როგორც ექიმს, ნამდვილად შემეცოდა. მიშა რომ საშიში აღარ არის, ეს ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, ხალხისთვის გუშინ კიდევ ერთხელ გახდა ნათელი. სააკაშვილი ემიგრანტებს იყენებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების წყურვილი მოიკლას. ამისთვის სჭირდება ის ბანკიც და მასში ჩარიცხული ვითომ ემიგრანტების ფულებიც. ემიგრანტებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ და ბუნებრივია, მათი ნაწილი მართლაც ჩარიცხავს ფულს, მაგრამ, ყველასათვის ნათელია, რომ რეალურად ეს იქნება ნაცმოძრაობის ახალი ყულაბა, რომელსაც საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენებენ. რაც შეეხება ილია ჭავჭავაძესთან იდეებით საკუთარი თვის შედარებას, ამ „გამბედაობაზე“ უკვე აღარ ვსაუბრობ.

ყველა ემიგრანტს ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ არა იმ ვერაგი ზრახვებით, რითაც სააკაშვილს სურს. არ შეიძლება ყველაფერი გამოიყენო კაცმა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მითუმეტეს, ემიგრანტების ტკივილიანი ემოციები. მიშას რომ ემიგრანტებზე და ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებზე გული ტკენოდა, სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში უნდა ემოქმედა ყველაზე მეტად, როდესაც პიკისკენ მიდიოდა დემოგრაფიული პრობლემები, მაგრამ არაფერი გააკეთა. დღეს კი ნიანგის ცრემლებით გვესაუბრება. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ამაყობს, რაც პრეზიდენტობის პერიოდში გააკეთა, როგორც ჩანს, ის დღემდე ვერ ხვდება, რის გამო უთხრა ხალხმა უარი“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები