„ძალიან მიხარია, რომ გავაჭიანურე და ხელი არ მომიწერია ბელორუსში საქართველოს ელჩის დანიშვნისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბელორუსში ახალი ელჩის დანიშვნისთვის მას, ამ დრომდე ხელი არ მოუწერია. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ეს ძალიან კარგია, რადგანაც, რაც გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა, მიუღებელი და შემაშფოთებელია.

„ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ, რომ დაიცვას ეს. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომც და რეფერენდუმებით ცდილობს, რაღაცნაირად, ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, როცა აფხაზეთზეა საუბარი, მზერა მომავლისკენ უნდა იყოს.

„ისეთი რაღაცეები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც ალბათ ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება. ერთი თაობა უკვე გავიდა და ახალი თაობა მოვიდა, ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები