,,საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს სთხოვენ ხელი მოაწერონ დოკუმენტს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმად ცნობის შესახებ”- ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, საქართველოს საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს იძულებით აწერინებენ ხელს დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს საოკუპაციო რეჟიმად ცნობს.

ვოლოდინის თქმით, აღნიშნულ ,,დოკუმენტზე” ხელმომწერებს  „თბილი მიღება“ ელოდებათ.

„აი, ახლახან ნიკოლაი კოლომეიცევმა გადმომცა დოკუმენტი, რომლის ხელმოწერასაც სთხოვენ მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარს კვეთს – განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმად ცნობის შესახებ. თუ ეს ასეა და ჩვენი მოქალაქეები ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის დანაშაული. უნდა გავერკვიოთ ამაში, რადგან პირველი პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა არის აგრესორი. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. მეორე პუნქტი აღიარებს, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია. მესამეში აღიარებულია, რომ სეპარატიზმის ხელშეწყობის დროს ჩადენილი იყო ეთნიკური წმენდა. მეოთხე გმობს რუსეთის ყველა სამხედრო მოქმედებას დამოუკიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ და ა.შ. რა არის ეს? იქნებ, ვინც გაიქცა და ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, კარგია, რომ წავიდნენ? მათ არ უნდა დავეყრდნოთ, მათ უკვე გვიღალატეს, თუმცა ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ ჩაიდინეს მრავალი დანაშაული თავიანთი ქვეყნისა და ერის წინაშე. უკან დაბრუნებას თუ დააპირებენ, დაისჯებიან. მოდით, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებს დავავალოთ, გაერკვიონ ამაში. თუ ეს ასეა, უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია და მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ხელმომწერებს ელოდებათ „თბილი“ მიღება“, – განაცხადა ვოლოდინმა.

 

მსგავსი თემები