,,გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ”- კახა კალაძე

საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, პრობლემური კვანძების თანმიმდევრულად მოწესრიგებაა საჭირო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან დედაქალაქში არსებული საცობების გამომწვევი ძირითადი მიზეზები დაასახელა და განმარტა, რომ თბილისში 12 პრობლემური კვანძია მოსაწესრიგებელი.

„საცობები თბილისში ყოველთვის იყო. არის კონკრეტული კვანძები, რაც ქალაქისთვის უდიდესი პრობლემაა. შესაბამის სამსახურს ყველა მათგანი განსაზღვრული აქვს, თუ რომელ კვანძზე არის საჭირო ჩარევა. მოვაწესრიგეთ მნიშვნელოვანი კვანძები – თამარ მეფის გამზირი, თამარაშვილის ქუჩა და ძალიან მალე დასრულდება დიდი დიღმის კვანძი. ასევე, უმნიშვნელოვანეს კვანძებზე – ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. განვსაზღვრეთ 12 ლოკაცია, სადაც საჭიროა ჩარევა, კონკრეტული პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება, მაგრამ ეს უცებ არ გაკეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს.

„ბევრს კარგად არ ესმის, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია, კოსტავას ქუჩის ჩაკეტვა რას იწვევს. მაგალითად, გუშინ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 16 650 ბრუნის გაკეთება ვერ მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით, 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ. ეს დიდი ციფრია, მაგრამ მთავარია, რომ ვიცით, რა იწვევს აღნიშნულ პრობლემას. მერწმუნეთ, როდესაც ამ სამუშაოებს დავამთავრებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, ხელმისაწვდომი და კომფორტული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საცობების გამომწვევ კიდევ ერთ მიზეზად დედაქალაქში ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა.

„შარშან, პიკურ პერიოდში ქალაქში მოძრაობდა 460 000 ავტომობილი, დღეს ყოველდღიურად მოძრაობს 590 000 ავტომანქანა. ეს პრობლემაა. დღის განმავლობაში, დაახლოებით, 1 060 000 მგზავრი გადაყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ერთი მხრივ, მიხარია, რომ იზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მეორე მხრივ კი, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული უნდა გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საცობების პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე დაგეგმილი პროექტი დაასახელა.

„მომავალ წელს ვაპირებთ, შევიძინოთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ გადავწიეთ, იმისთვის, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოვასწროთ, რათა ავტობუსებმა პრობლემების გარეშე შეძლონ გადაადგილება. ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმაც, რომლის მეორე ეტაპსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში გავაცნობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები