“ბავშვების დიდმა ნაწილმა წიგნები უკვე გადაყარა და სწავლას თავი დაანება” – ექსპერტი

  •  

განათლების ექსპერტის მანანა ნიკოლაიშვილის განცხადებით, განათლების სისტემის დაანონსებული რეფორმა, რომელიც სკოლის დამამთავრებელი გამოცდების მოხსნას გულისხმობს, ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის. ბავშვების დიდმა ნაწილმა წიგნები გადაყარა და სწავლას თავი დაანება.

​მანანა ნიკოლეიშვილის აზრით, სწავლა გამოცდის გარეშე არ არსებობს და სკოლა გამოცდის გარეშე არ შეიძლება! გამოცდაა მთავარი მუხრუჭი, რომელიც ბავშვს სკოლაში აკავებს. თუ სახელმწიფო კონტროლი მოიშალა, ბავშვების უმეტესობა სკოლაში აღარ ივლის.

“ან რატომ უნდა მივიდეს? მარტო ქართულის, ინგლისურის და ისტორიის სასწავლად? გასაგებია, რომ „კატის“ გამოცდა სტრესული იყო და დიდი ხარვეზებით ტარდებოდა, მაგრამ მთლიანად რომ ხსნი და აუქმებ, საპირწონედ რას დებ? 21-ე საუკუნეში მარტო ქართულით, ინგლისურით და ისტორიით გინდა ფონს გასვლა? ადვილი წარმოსადგენია, რა დონის სტუდენტები შევლენ უმაღლეს სასწავლებლებში, მით უმეტეს, სასკოლო გამოცდების გაუქმების შემდეგ. შარშან თუ 12.500 ბავშვი ჩაიჭრა, ახლა 24 ათასი ჩაიჭრება”, – აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.

მისი აზრით, განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდშიც. 

“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ მავნებლობის მიზეზი 2020 წლის არჩევნებისთვის ხალხის გულის მოგებაა, მაგრამ რეალურად, პირიქით მოხდება. ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში ხალხის 97%-იანი მხარდაჭერით მოვიდა, განათლების სისტემაში განხორციელებული ანტიეროვნული და ანტიხალხური რეფორმების მერე ვუწინასწარმეტყველე, რომ ხალხის მხარდაჭერას დაკარგავდა და რეიტინგი გაუნულდებოდა, რაც მოხდა კიდეც. ახლა ამათ ვეუბნები, რომ დაანონსებული ცვლილებები სკოლებში ისეთ ქაოსს შექმნის, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეექმნება,”- განაცხადა განათლების ექსპერტმა მანანა ნიკოლაიშვილმა.

მსგავსი თემები