,,შტამპი, რომელსაც არტყამს მესაზღვრე, ჩათვალეთ, არის ვიზა”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მანიპულაცია და დეზინფორმაციაა, თითქოს საზღვრები არის უკონტროლო. მისი თქმით, მესაზღვრეები გადაწყვეტილებას საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

„ის შტამპი, რომელსაც არტყამს მესაზღვრე, ჩათვალეთ, არის ვიზა. მესაზღვრის გადასაწყვეტია, ვინ შემოვიდეს, ვინ არ შემოვიდეს და რა თქმა უნდა, კონტროლდება ვინ უნდა შემოვიდეს და ვინ არ უნდა შემოვიდეს. გადაწყვეტილება მესაზღვრის მიერ მიიღება საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი არის გაკონტროლებული. ეს არის მცდელობა დააზიანო საქართველოს სახელმწიფო, ერთის მხრივ ისტერიის შექმნით ქვეყნის შიგნით და მეორეს მხრივ საქართველოს რეპუტაციის შელახვით ქვეყნის გარეთ, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ანტიქართული კამპანია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  საზღვარზე  ჩრდილოეთ კავკასიელებს არ უშვებენ.

„არანაირი სელექცია ადამიანების მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით არ ხდება, პირიქით, სწორედ ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ, რომ სელექცია მოხდეს, ქსენოფობია ჩვენი ოპონენტებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკაა. დასტურდება შემოსული ადამიანების სხვადასხვა რეგიონებიდან წარმომავლობა. ხან ამბობენ, რომ უნდა შემოვუშვათ, რადგან გაურბიან მობილიზაციას და თითოეული რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ჩამოვა, ეს არის ერთი ჯარისკაცით ნაკლები უკრაინის ფრონტზე და მეორეს მხრივ ამბობენ, რომ არ უნდა შემოვუშვათ იმიტომ, რომ უსაფრთხოების რისკებია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები