“განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლება” – სუს-ი

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 108-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ერთ-ერთი საკითხი უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ეხებოდა.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა განხილული და მის გარშემო შედგა საგნობრივი და ღრმა დისკუსია.

შედგა დისკუსია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარე ტეროტირიაზე შექმნილი ვითარების გარშემო, რასთან დაკავშირებითაც, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ადგილზე წარმოდგენილი სტანდარტული პოლიციის საგუშაგო, რომლის დანიშნულებაც უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფაა, ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

დისკუსია შედგა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ სოფლებში, როგორც სასმელი, ისე სემელორაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები“, – აცხადებენ სუს-ში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 10 ნოემბერს ჩაინიშნა.

 

მსგავსი თემები