თბილისში, კახეთსა და იმერეთში, გოგაშვილის ოჯახისა და მათი გარემოცვის ბინები, ნაკვეთები, მანქანები, იარაღები დააყადაღეს

ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის, დავით მშვილდაძის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის წევრების უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და ამოღების პროცედურა თბილისთან ერთად, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს.

გამომძიებლის თქმით, დაყადაღებულ ავტომობილებს სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანენ და დამატებით ინფორმაციას ანტიკორუფციული სააგენტო გაავრცელებს.

,,ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას. ესენია: საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, ავტო და მოტო ტექნიკა, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღები და სხვა.

ამჟამად მიმდინარეობს მოძრავი ნივთების ამოღება, რაც გათვალისწინებულია 157-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით. აღნიშნული მოქმედებები მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე იმერეთსა და კახეთში. დამატებით ინფორმაციას ამოღებული ნივთების რაოდენობასა და დაყადაღებული ნივთების შესახებ დამატებით მოგაწვდით ჩვენი სამსახური”, – განაცხადა დავით მშვილდაძემ.

მსგავსი თემები