,,ლოგიკა არ არსებობს, თუ რატომ იღებს ერთი თეატრი მეტს და მეორე ნაკლებს – დაფინანსების სისტემა ახლებურად უნდა მოეწყოს”- თეა წულუკიანი

„კანონით შემოვიღებთ განსაკუთრებული მხარდაჭერის მქონე თეატრების ნუსხის განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფს იმ თეატრების წახალისებას, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა,”- – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც იქნება რეფორმაში, განისაზღვრება სახელმწიფო თეატრების დაფინანსების სისტემის საფუძვლები.

„ათეულობით კონკურსი ჩავატარეთ სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციაზე შარშან და წელს და არაერთი საკანონმდებლო ხარვეზი გამოიკვეთა. ვთვლით, რომ თეატრის სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიაში უნდა იყოს მოცემული პირი უმაღლესი განათლების მქონე და უნდა ჰქონდეს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ვინაიდან ძალიან კარგი რეჟისორები დანიშნულან, მათ შორის ჩემ მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე და შემდეგ თავად მიმხვდარან, რომ ეს იყო შეცდომა. ერთია, იყო ძალიან კარგი რეჟისორი და მეორეა, მართო თეატრი,რომელიც არის ორგანიზაცია, რომელიც პირველ რიგში, შემოქმედებასთან ერთად, გულისხმობს მენეჯმენტსაც. მენეჯმენტის გარეშე არ არსებობს წარმატებული თეატრი.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც იქნება რეფორმაში, განისაზღვრება სახელმწიფო თეატრების დაფინანსების სისტემის საფუძვლები. დღეს ეს სისტემა არ არსებობს. ლოგიკა არ არსებობს, თუ რატომ იღებს ერთი თეატრი მეტს და მეორე თეატრი ნაკლებს. ის, ვინც იღებს მეტს, მუშაობს ნაკლებს, ვინც იღებს ნაკლებს, იღებს მეტს და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ დაფინანსების სისტემა ახლებურად უნდა მოეწყოს და ის უნდა იყოს შედეგზე მიბმული. როდესაც 2021 წელს ერთ თეატრს აქვს იმხელა რეპერტუარი, იმდენი ახალი სპექტაკლით, მწირი სადადგმო ხარჯის პირობებში და არის სხვა თეატრი, რომელსაც უფრო მეტი დაფინანსება აქვს, მაგრამ რეპერტუარი აქვს დაახლოებით იგივე, რაც ჰქონდა იმის წინა წელს, რასაკვირველია, მომდევნო წლის დაფინანსებაში ეს უნდა აისახოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები