,,ვაპირებ გარკვეული მტკიცებულებებით მივმართო პროკურატურას”- ლევან მურუსიძე გოგაშვილს შანტაჟში ადანაშაულებს

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან, სოსო გოგაშვილს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს. მურუსიძის თქმით, სოსო გოგაშვილმა მას სამჯერ მიმართა და ციხიდან გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

მურუსიძე აცხადებს, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით უახლოეს პერიოდში მიმართავს პროკურატურას.

,,ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი. უნდა ვისაუბრო იმ ადამიანზე, რომელთანაც დაახლოებით 25 წლის ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. საუბარია ბატონ სოსო გოგაშვილზე, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის მიერ ხდებოდა სუს-ის გამოყენებით კონკრეტულ მოსამართლეზე ზეწოლა. მინდა აგიხსნათ იუსტიციის საბჭოს და საზოგადოებას, რამ განაპირობა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნება. მოგეხსნებათ, რომ ბატონი სოსოს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, როცა ის დაკავებული იყო და სასამართლოში უნდა განხილულიყო აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე დამიკავშირდა ასეთი შინაარსის წერილით, რომ თუ ჩემი მხრიდან არ მოხდებოდა დახმარება და მის მიმართ არ შეიცვლებოდა აღკვეთის ღონისძიება, არ იქნებოდა გამოშვებული, ის გადადგამდა ყველანაირ ნაბიჯს, სასამართლო სისტემას, ზოგადად, მე, მიხეილ ჩინჩალაძეს და ა.შ. დაგვაბრალებდა რაღაცებს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და მოახდენდა სასამართლოს მაქსიმალურ დისკრედიტაციას. ამის შემდგომ, როდესაც კიდევ დადგა საკითხი უძრავ ქონებებზე ყადაღის დადების შესახებ, ასევე მომივიდა შეტყობინება, რომ თუ მე არ ჩავერეოდი და არ უზრუნველყოფილიყო, აღნიშნული ყადაღები არ ყოფილიყო გამოყენებული, შესაბამისად გააკეთებდა საშინელ სიბინძურეს, მოხდებოდა სასამართლოს სისტემის კიდევ ერთი დისკრედიტაცია. შესაბამისად, მოაყოლა ერთი განცხადება, რომელიც ყველამ იცით, რომ თითქოს მიხეილ ჩინჩალაძე სუს-ის დახმარებით მოსამართლე ბესიკ ალავიძეზე ახდენდა ზეწოლას. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მესამედ მოხდა ჩემთან შეტყობინება, და ფაქტობრივად, იმის აღიარება, რომ “ხომ ხედავ დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია, შესაბამისად, თუ თქვენ არ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ დამეხმარებით, გაგრძელდებოდა აღნიშნული დისკრედიტაცია და მიიღებს არნახულ მასშტაბებს. მოხდება ისეთი ფაქტების დაბრალება, რომლითაც სასამართლო სისტემა ვერანაირად ვერ გათეთრდება”. ამიტომ, მე გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში, იუსტიციის საბჭოსთვის მეცნობებინა და შემდგომ ვაპირებ რეაგირებას, გარკვეული მტკიცებულებებით მივმართო უახლოეს პერიოდში პროკურატურას”, – განაცხადა მურუსიძემ.

მსგავსი თემები