,,ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი, ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი”- ალეკო ელისაშვილი

,,ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ, ვისაც ასაკი ხელს უწყობს, უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი, ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი,” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება, სახელმწიფო უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ აძლიერებდეს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას.

,,გაოგნებული ვარ „ქართული ოცნების“ არხეინობით. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენს რეგიონში ყველა ჩვენი მეზობელი საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული. ამ დროს ჩვენ რას უნდა ვაკეთებდეთ? ჩემი აზრით, ნორმალური ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს იმით, რომ აძლიერებდეს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემას, უნდა აღადგენდეს და მწყობრში მოჰყავდეს განადგურებული სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა, აყალიბებდეს ტერიტორიული თავდაცვის ძალებს, ფეხზე აყენებდეს სამხედრო მრეწველობას, ყიდულობდეს მძიმე შეიარაღებას. სახელმწიფომ უნდა აღადგინოს საყოველთაო გაწვევა. ყველა ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდამ, ვისაც ასაკი ხელს უწყობს, უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი და ამას ჩემი შვილებით დავიწყებდი. ყველა მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რომ ომის შემთხვევაში, თავის დაცვა შევძლოთ,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები