,,თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია”- ნიკა გვარამია

,,თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია. ამიტომ მგონია, რომ უნდა შევეშვათ ოპოზიციას და სწორად წავიკითხოთ კვლევა,”- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რითაც „ენდიაის“ კვლევას გამოეხმაურა.

ნიკა გვარამიას თქმით, ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია არის არასწორი.

„ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებ ტელევიზიით, სამწუხაროდ, ყველაფერს ვერ ვხედავ, NDI-ის კვლევებზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, ზოგადად მგონია, რომ ოპოზიციის ტერორიზება და სტიგმატიზაცია არის არასწორი, ღრმად არასწორი საქციელი და საერთოდ გაუგებარია, რას ისახავს მიზნად. ძირითადში ეს ხდება კეთილი განზრახვებით, მაგრამ, რომ არ დაგიმალოთ, მე არ მესმის ამგვარი კეთილი განზრახვების, ამას არავითარი შედეგი არ მოაქვს, გარდა ივანიშვილის რეჟიმის გაძლიერებისა.

თუ ჩვენ იმის იმედად ვაკეთებთ ამას, რომ ოპოზიცია გამოფხიზლდება, უკეთესად დაიწყებს მუშაობას, ასეთი ტიპის შეძახილებს შედეგი არ მოაქვს. ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ და მგონია, რომ დღეს ქართულმა საზოგადოებამ განტევების ვაცად დანიშნა ოპოზიცია. თუ ვინმე სუსტია, მეგობრებო, უნდა ვაღიაროთ, რომ ესაა საზოგადოება, რომლის ნაწილია ოპოზიციაც და ყველაფერი დანარჩენიც, მაგრამ საზოგადოება დღეს სამწუხაროდ, ასხივებს უღონობას, ფრუსტრაციას და გადაწყვიტა, ეს პრობლემა საკუთარი თავიდან მოიშოროს და იპოვოს ის, ვისაც ამას დააბრალებს. ეს არასწორია და თუ პრობლემები აქვს ოპოზიციას, ესეც საზოგადოების ბრალია. ამიტომ მგონია, რომ უნდა შევეშვათ ოპოზიციას და სწორად წავიკითხოთ კვლევა. ჯერ ერთი, კვლევას პრობლემა აქვს, რადგან 56-პროცენტიანი უარი პასუხზე, სამწუხაროდ, საკმაოდ ეჭვქვეშ აყენებს კვლევის ვალიდურობას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები