“ვაპირებ, გავიმარჯვო, რომ გავჩერდე, სპორტული წინსვლის საშუალებას არ მომცემენ” – ზურაბ დათუნაშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველი სპორტსმენი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს, თუნდაც ამ ბრძოლაში მარტო აღმოჩნდეს.

მისი თქმით, ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს და მის ღიად მხარდაჭერას ბევრი სპორტსმენი თავს არიდებს, რადგან ფედერაციის პრეზიდიუმის წევრებს ხელშეუხებლობის განცდა აქვთ.

“ვაპირებ გავიმარჯვო. რომ გავჩერდე, კარიერული წინსვლის საშუალებას არ მომცემენ. ბევრი საჯაროდ ერიდება ჩემს მხარდაჭერას, რომ იგივე არ გადახდეთ თავს, რაც მე. მარტოს მიწევს ბრძოლა, იმიტომ რომ ფედერაციაში არსებულ სისტემას დავუპირისპირდი. ისეთი დეტალებია, რომ არ მომცემენ საშუალებას სამართლებრივად დავამტკიცო ჩემი სიმართლე”, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

როგორც სპორტსმენმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრობლემები ახლა არ დაწყებულა. მას საერთაშორისო ტურნირებზე წასვლის საშუალებას არ აძლევენ და იბლოკება.  

“შარშან ზაფხულში მქონდა იგივე პრობლემა, უბრალოდ მაშინ თავში არ ჩაურტყამთ. ვიბლოკებოდი ყველანაირად. სამი ტურნირი იყო საერთაშორისო და არც ერთგან წასვლის საშუალება არ მომცეს. ვიბლოკებოდი ყველანაირად, იმიტომ მივედი და ვთხოვე, – ასე თუ უნდა გაგრძელდეს ჩემი დაბლოკვა, მაშინ ან კარიერა უნდა დავასრულო, ან სხვაგან წავიდე-მეთქი. გეგა გეგეშიძეს ჩემთან საუბრის სურვილი არ გამოუთქვამს, პირიქით, ინტერვიუში ამბობს, რომ კონფლიქტური ადამიანი ვარ. ერთი ფაქტი მითხრან, ნაკრებში ვისთან მომივიდა კონფლიქტი. სახალხო დამცველმა მითხრა, რომ დამეხმარებოდნენ მათი შესაძლებლობის ფარგლებში. პარლამენტის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შევხვდი. დამპირდა, რომ ვარჯიშის საშუალება მომეცემა, მაგრამ ვერ გააკონტროლებენ ფედერაციაში ვითარებას, შიგნით ისეთი რაღაცეები ხდება. სამინისტროდან არავინ დამკავშირებია”, – განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა “მთავარში”.

წონის შეცვლას რაც შეეხება, როგორც დათუნაშვილი განმარტავს, 2013 წლის შემდეგ საქართველოს არც ერთი ჩემპიონატი არ წაუგია. მხოლოდ 2015 წელს, საკუთარ ძმასთან წააგო ფინალური შეჯიბრი. ასევე, 82კმ/წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატი წააგო. ამის შემდეგ 82 კმ/წონით კატეგორიაში იჭიდავა კარტოზიას ტურნირში და მესამე ადგილზე გავიდა, გაიმარჯვა ლაშა გოგაძემ. წესების თანახმად ის უნდა წასულიყო მსოფლიო ჩემპიონატზე.

“ამაზე პრობლემა არ მქონია, პირიქით, ფედერაციამ მითხრა 82კმ-ში უნდა მოგცეთ შანსიო. ეს არასწორია – მეთქი. უნდოდათ, ლაშას დავპირისპირებოდი. 77კმ/წონით კატეგორიაში, სადაც 3 წლის წინ გამოვდიოდი, 2 წლის განმავლობაში მედალი არ მიგვიღია. გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში ქართველი მოჭიდავეები სამეულშიც ვერ შევიდნენ. მწვრთნელებს ვუთხარი, წონა ხელს მიწყობს, სამი ტურნირია მსოფლიომდე, მომეცით საშუალება 77კმ-ში ვიჭიდაო, ამ ბიჭებთან ერთად – მეთქი, თუ მე მოვიგებ ტურნირებს დამაყენეთ მსოფლიოზე. ამაზე მწვრთნელებისგან დადებითი პასუხი მივიღე. თავად სპორტსმენებსაც ვკითხე, ვინც მოიაზრებოდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად, ხომ არ იყვნენ ჩემი მონაწილეობის წინააღმდეგი. წონა შემიმოწმეს და გაძლევთო შანს, მითხრეს მწვრთნელებმა. მოგვიანებით კი მითხრეს, რომ ვერ მაძლევდნენ შანსს და მიღმა დამტოვეს. ახლა ამბობენ, თითქოს 2017 წელს დაუმსახურებლად წახვედი მსოფლიო ჩემპიონატზე. ​წესების  თანახმად ასე იყო, ვინც ევროპაზე შედეგს გააკეთებდა მსოფლიოზე ის მიდიოდა. მე შედეგი გავაკეთე”, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი  

მსგავსი თემები