„ეს ის საკითხია, სადაც ყველაზე სახიფათოა პოპულიზმი“ – ინაშვილი განათლების მინისტრს

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი განათლების მინისტრს გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ რეფორმას უწინებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სახიფათო პოპულიზმია.

„ბატონო მინისტრო, მახარებს ის ფაქტი, რომ მეცნიერებისადმი, მეცნიერების განვითარებისადმი თქვენი მიზანდასახულობა სწორი და ადეკვატურია, მაგრამ მთელი რიგი შენიშვნები მაქვს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს წარმოადგინეთ. მოკლედ, თუ ჩვენი მიზანია, სახელმწიფომ განათლებული თაობა აღზარდოს, მაშინ რეფორმაც ღრმად, მეცნიერულად უნდა იყოს გააზრებული. ეს ის საკითხია, სადაც ყველაზე სახიფათოა პოპულიზმი. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში უნდა დაიწყოს არა მორიგი ექსპერიმენტი ჩვენი შვილების და სახელმწიფოს ხარჯზე, არამედ რეალური, ძირეული გარდატეხა უნდა მოხდეს განათლების სისტემაში. თუმცა, ჩემთვის სრულიად აუხსნელი და გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ეს პოზიტიური გარდატეხა, თუ მივდივართ სასკოლო, საატესტატო გამოცდების გაუქმების გზით“ – მიმართა ინაშვილმა მინისტრს პარლამენტის ტრუბუნიდან.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საატესტატო გამოცდების გაუქმებით, უმნიშვნელოვანესი საგნების მიმართ ინტერესი კვდება, რაც მომავალი თაობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია: „გამოცდების გაუქმება ნიშნავს მოსაწავლეებისათვის სტიმულის, პასუხისმგებლობის, საკუთარი თავის, სკოლისა და ოჯახისადმი ანგარიშვალდებულების წართმევას, რაც პირველ ეტაპზე ბევრს უხარია, მაგრამ მეორე ეტაპზე აღმოჩნდება, რომ სასიხარულო არაფერია, პირიქით. ყველას უნდა ესმოდეს, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმებით უმნიშვნელოვანესი საგნების: ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიისადმი მოსწავლეების ინტერესი კვდება. ეს სინამდვილეში დიდი დანაშაულია ჩვენი მომავალი თაობის წინაშე.“

დეპუტატმა მინისტრი ბატიაშვილი რეფორმის ფარულ განხილვაშიც დაადანაშაულა და მიმართა, რომ რეფორმაზე დახურულ ფორმატში არ უნდა ემსჯელათ.

„მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ გამოცდების გაუქმების პროექტი ვიწრო წრეში დამუშავდა და არ განხილულა საჯარო სივრცეში, ჩვენ ვერ წავიკითხეთ და ვერ მოვისმინეთ კომპეტენტური მეცნიერების, პედაგოგების, ფსიქოლოგების აზრი რეფორმის ამ კომპონენტთან დაკავშირებით“ – აღნიშნა ინაშვილმა.

მსგავსი თემები