,,არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას”- გია ვოლსკი

,,ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას,” – ასე ეხმაურება  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი,  პოლიტიკური ზეწოლის თაობაზე ყოფილი მოსამართლეების განცხადებებს.

ვოლსკის თქმით, თუ რომელიმე მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება,  კონკრეტული ფაქტები  უნდა გამოაქვეყნოს.

„მოსამართლეც ადამიანია, ზოგი შეიძლება პოლიტიკურ პროცესშიც ჩაერთო, ზოგს თავის შეხედულება აქვს, რა ვიცი, შეიძლება საფუძველიც აქვს, რომ ასეთი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ამას ყველაფერს დასაბუთება სჭირდება, სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რომელ საქმეს არ იღებენ და კონკრეტულად ვისგან აქვთ ზეწოლა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას, ვინაიდან ეს ქვეყანა დაიღალა ამ პოლიტიკური სცენის მიღმა თამაშებით და ინსინუაციებით, მოსამართლეს განსაკუთრებით არ ეკადრება. საქმეც უნდა აიღოს და თუკი მასზე ზეწოლა ხორციელდება, ფაქტები გამოაქვეყნოს და არა ჰაერში ნასროლი ლიტონი სიტყვები. ეს არ გამოხატავს იმ რეალობას, რაზეც რეიტინგები მიუთითებს. საკმარისი დონის თავისუფლება აქვს სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემას იმისთვის, რომ მოწინავე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს სარეიტინგო მაჩვენებლებში. ასე რომ, კეთილი ინებოს და ყველამ დაასაბუთოს თავის განცხადება,”- აღნიშნა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები