3 წლის განმავლობაში 269 სკოლა შემოწმდა, სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია – მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება პოლიტიკური და გამონაკლისი არ ყოფილა და ბოლო 3 წელიწადში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში ინსპექტირება 269-ჯერ ჩატარდა.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში, კერძოდ, 2016-2018 წლებში, 269 დასკვნა მომზადდა, საიდანაც 15 შემთხვევაზე ინსპექტირების ბრძანება იმავე ან მეორე დღეს გაიცა. რაც შეეხება ზუგდიდის მეექვსე სკოლას, 2018 წლის 8 ნოემბერში შემოვიდა განცხადება, სადაც საუბარი იყო სანიტარულ – ჰიგიენურ და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებულ დარღვევებზე. 9-15 ნოემბერს ჩატარდა ინსპექტირება, რა დროსაც, განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სრულად დადასტურდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, კონკრეტულმა სკოლამ გაფრთხილება მიიღო: „შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სკოლას 22 ნოემბერს მიეცა გაფრთხილება და სამეურვეო საბჭოს დაევალა 4 დეკემბრამდე განეხილა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ასევე ეცნობა შესყიდვების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს. უნდა აღვნიშნო, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს, სამინისტროში შემოვიდა ია კერზაიას კორესპოდენცია, რომელშიც იგი ადასტურებდა ინსპექტირების სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევის ფაქტებს და უთითებდა მათი აღმოფხვრის მიზნით დაწყებულ სხვადასხვა პროცესზე. ამ წერილში არანაირ ზეწოლაზე, ან სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უხეშ ქმედებაზე ან დამოკიდებულებაზე, მითითება არსად არ ყოფილა,“ – აცხადებს მინისტრი ბატიაშვილი.

რაც შეეხება სკოლის დირექტორის გატავისუფლების საკითხს, მინისტრის განცხადებით, განიხილეს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინათ უფლებამოსილება სკოლის არჩეული დირექტორისთვის.

„უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს შეეძლო, არ დათანხმებოდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და დირექტორი ბრძანებით გაეთავისუფლებინა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამინისტროს ია კერზაია თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, როგორც ამას აქტიურად ავრცელებდნენ კონკრეტული მედიასაშუალებები და პოლიტიკური ინტერესების მქონე სპიკერები“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი თემები