„50 000 ბავშვი განათლების გარეშე დავტოვეთ… სისტემა ორიენტირებულია გამოცდის ჩაბარებაზე“ – მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან იმ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, რაც დღეს განათლების სისტემაში არსებობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სისტემა ორიენტირებულია მხოლოდ „კატის გამოცდების“ ჩაბარებაზე და შედეგად, 50 000-მდე ბავშვი განათლების გარეშე დარჩა.

„არ შეიძლება, მე-11, მე-12 კლასში განათლების ძირითადი ინსტიტუტი იყოს რეპეტიტორები. სისტემის ალტერნატივად მე-11 და მე-12 კლასში გადაიქცა მომზადება „კატის“ გამოცდებისთვის და არა მომზადება იმ სასკოლო პროგრამებისთვის, რომელიც აუცილებელია. სისტემა გადართულია გამოცდების ჩაბარებისკენ და არანაირი მოტივაცია და ინტერესი არ არსებობს, რომ ბავშვი იყო ორიენტირებული სკოლაზე და სკოლაში შეფასების მიღებაზე. ბოლო წლებში, ჩვენ ხელი შევუწყვეთ ალტერნატივის გაჩენას რეპეტიტორების სახით“ – განაცხადა მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან, როცა მას მე-11, მე-12 კლასებში გამოცდების გაუქმებაზე კითხვები დაუსვეს.


მიხეილ ბატიაშვილმა არსებული სისტემის შედეგზეც ისაუბრა და კონკრეტული ციფრიც დაასახელა, რამდენი ბავშვი დარჩა განათლების გარეშე: „რა სურათი გვაქვს დღეს? სისტემა ორიენტირებულია გამოცდების ჩაბარებაზე. რომ დავთვალეთ, ამ წლების განმავლობაში, მივიღეთ დაახლებით 50 000-მდე ბავშვი, რომელსაც სკოლა დამთავრებული არ აქვს. ეს მართლაც პრობლემაა ჩვენთვის. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, როგორ მივხედოთ ამ 50 000 ბავშვს, რომელიც მართლაც პრობლემაა. ჩათვალეთ, ეს არის უზარმაზარი რიცხვი, რომელიც დავტოვეთ გარეთ, განათლების გარეშე, მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე გვქონდა საუბარი. ერთია პროფესიული პროგრამები. ბუნებრივია, ამას ბევრი მუშაობა სჭირდება, სუფთა იმიჯის კუთხით, ასევე, დაინტერესების კუთხით, რომ ინტერესი გავუჩინოთ ბავშვებს პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით“ – აღნიშნა მინისტრმა.


მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტია, სხვადასხვა ფორმით, ბავშვები განათლების სისტემაში დააბრუნონ.


„ეს ბავშვები სხვადასხვა ფორმით უნდა დავაბრუნოთ სისტემაში. ვმუშაობთ,, რომ შევქმნათ საკონსულტაციო სივრცეები და გავაჩინოთ რამდენიმე ალტერნატივა. ერთი ალტერნატივა, თავისთავად, არის პროფესიული სასწავლებლები, სადაც მზად ვართ, ამ ბავშვებს სწავლა დავუფინანსოთ. მეორეა გადამზადების კომპონენტი, რომელსაც 1-ელი მარტიდან ვუშვებთ და ახალ კომპონენტს დავამატებთ. ბავშვებს მივცემთ საშუალება,ს გარკვეული მიმართულებით პროფესიებში შეიძინონ“ – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.


მინისტრის ინფორმაციით, ასეთი პირველი გადამზადების პროგრამა პირველ მარტს გამოცხადდება და ის მშენებლობას შეეხება.


“ეს ამოცანა გადასაჭრელი გვაქვს. 50 000 ბავშვი უზარმაზარი რიცხვია“ – განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი თემები