ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო 63 დაზარალებულს ქონებას დაუბრუნებენ

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, 2009-2010 წლებში, ზუგდიდისა და ხობის რაიონების მცხოვრებლებს, უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება. 63 მოქალაქე დაზარალებულად გენერალურმა პროკურატურამ, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფაქტის გახსნის შედეგად ცნო.  

​საუბარია ანაკლიაში, დარჩელში, ცაისში, ცაცხვში, ორულუში, ერგეტაში, გურიფულსა და ხეთაში,  მდებარე, საერთო ფართობის 379 403 კვ/მ ტერიტორიაზე.  

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. ამ პროცესს და ინვესტორისთვის მიწის გადაცემას ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ  ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა. ისინი კი საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ.

მათივე ინფორმაციით, პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების  მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. დოკუმენტის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს.

მსგავსი თემები