საბაჟოდან საწვავი კონკურენტ კომპანიაში 78-94 თეთრით იაფად შედიოდა, ვიდრე საკუთარ ქსელში – მოკვლევა გრძელდება

ბაზარზე საწვავის ფასების მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში,  საბაჟო საწყობიდან, საწვავი კონკურენტ კომპანიაში გაცილებით იაფად შედიოდა, ვიდრე საკუთარ ქსელში. ანალოგიურად ხდებოდა რუმინეთიდან შემოსულ საწვავთან დაკავშირებითაც.

აღნიშნული გახდა მიზეზი, რის საფუძველზეც კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, 2022 წლის მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ბაზრის განსხვავებული ქცევა სახეზეა.

აღნიშნულ თემაზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„2021 წლის მონიტორინგის შედეგებით, ბაზარი მთლიანობაში კონკურენტულია. თუმცა, 2022 წელს იწყება ბაზრის განსხვავებული ქცევა, რომელიც უკავშირდება 2 საკითხს. გაჩნდა იაფი წყარო  არაევროპული საწვავის შემოდინების თვალსაზრისით. საუბარია ძირითადად რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავზე, რომელიც აპრილ-მარტში გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი მარჟებით. ამასთანავე, ევროპული ქვეყნიდან, კონკრეტულად კი რუმინეთიდან იმპორტის შემთხვევაში, საბაჟო საწყობიდან, კონკურენტ კომპანიაში ხდებოდა საწვავის გაყიდვა დაახლოებით 40-50 თეთრით იაფად, ვიდრე საკუთარ ქსელში შედიოდა. სწორედ მაშინ გაგვიჩნდა პირველი შეკითხვა და მოხდა შეხვედრა მსხვილ რეალიზატორებთან. მათგან მივიღეთ პასუხები და მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო თებერვალში დაწყებული რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. ეს არგუმენტი მაშინ მისაღები იყო  თუმცა ამის შემდეგ გავაგრძელეთ მონიტორინგი და 2022 წლის ივნის-ივლისმაც გვაჩვენა იგივე პროცესი, თან უფრო გაღრმავებული სახით“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცნტრ მთავარში.“

მისი შეფასებით, თუ დადგინდება, რომ გარკვეულ დარღვევებს აქვს ადგილი, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.

„რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში, მარჟები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, დაახლოებით 78-80 თეთრის ფარგლებში. რუმინეთიდან იმპორტის შემთხვევაში, საბაჟო საწყობიდან  ივნის-ივლისში, კონკურენტ კომპანიებზე საწვავის რეალიზაცია 78-94 თეთრით უფრო იაფად ხდებოდა, ვიდრე ეს  საკუთარ ქსელში შედიოდა. ბუნებრივია, გაგვიჩნდა შეკითხვა, ხომ არ უკავშირდება ეს ორი პროცესი   რაიმე არაკეთილინდისიერ ქცევას ან კონკურენციის შემზღუდავ ქმედებებს. მოკვლევის პროცესმა უნდა უპასუხოს ამ საკითხს. თუ მოკვლევის პროცესის შედეგად დადგინდება, რომ რაიმე შეთანხმებას ან დარღვევას აქვს ადგილი, ბუნებრივია, იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“  

 

მსგავსი თემები