“წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება” – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წასვლას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლო რეფორმა და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ყველაზე პრინციპული საკითხია, რასაც გუნდიდან წასვლა კი არა, დაჯდომა და მუშაობა სჭირდება.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, მას სასამართლო რეფორმაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მისთვის ამ სფეროში, ბევრი რამ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამიტომ, შესაძლებელია, წითელი ხაზები სწორედ ამ თემასთან იყოს დაკავშირებული. 

“გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მაქვს სრული მოლოდინი, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სწორი მიმართულებით წავა. მაქვს მოლოდინი, რომ კანონი, რომელიც გაიწერება და პროცედურები, რომელიც შეიქმნება პარლამენტის მიერ, იქნება ღია და გამჭვირვალე. შეიქმნება კონკურენტული გარემო, მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან იქნებიან მაქსიმალურად საუკეთესოები. შეიძლება თქვენ ძალიან მონდომებულები ხართ რომ გუნდიდან წავიდე, მაგრამ მე მონდომებული ვარ, რომ დადგეს სწორი შედეგი. წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება. ვიღაცა უნდა დაჯდეს და საქმე გააკეთოს,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები